ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის და ამ დროს მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ შუქის ფულს ვერ იხდიან - “ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ქვეყანაში ივანიშვილის სათამაშო ახირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანების სიცოცხლე.
“სიტყვები არ მყოფნის ზუგდიდის ამბავზე: რა სახელმწიფო გვაქვს ჩვენ? ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის და ამ დროს მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ შუქის ფულს ვერ იხდიან. აი ასეთი ცინიკურ უთანასწორობაში ვცხოვრობთ. გვაქვს სახელმწიფო სადაც ივანიშვილის სათამაშო ახირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანების სიცოცხლე“, - წერს ანა დოლიძე.
ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.