პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. ყველამ იცის, რომ ქოლცენტრებთან დაკავშირებით ქართული პროკურატურა, ევროპელ პროკურორებთან ერთად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, რათა ეს დანაშაული დადასტურდეს. ყველაფერმა უჩვენა, რომ კეზერაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებელი და რეალური პოლიტიკური ლიდერი იყო ჩართული ამ დანაშაულში, როდესაც იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები. გამოძიების პარალელურად მომზადდა საკმაოდ ავტორიტეტული ტელევიზიით გადაცემა, მიმოხილვა. რასაკვირველია, სამართლებრივად დასკვნები ჯერ არ არის დადებული, მაგრამ ამ რეალობაში ვართ. ამ რეალობიდან უცებ ამ განცხადებას გადავყავართ არარსებულ რეალობაში,თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჩართულია ქოლცენტრების დანაშაულში. ხომ არ არის ეს მინიშნება, რომ პოლიტიკურ პროცესებში ამ ბინძური ფულის გამოყენება სწორედაც ის არის, რაც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას? ვინაიდან ბინძურ ფულს სწორედაც რომ მოწინააღმდეგე მხარე იყენებს და ორიენტირის ასეთი შეცვლა შემაშფოთებელი, დამაფიქრებელი და სამწუხაროა. საქართველო ყოველთვის აშშ-ის ძალიან მყარი და ერთგული პარტნიორი იყო და იმედია, მომავალშიც სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.