გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, მათ ღვაწლს, ბრძოლას და მათ მიერ დაღვრილ სისხლს სამშობლოსთვის, არასდროს დავივიწყებთ! , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.
“16 წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში. ეს აგრესია გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, რომელიც უნდა დასრულდეს და დასრულდება მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით , ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებით თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, მაგრამ ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, მათ ღვაწლს, ბრძოლას და მათ მიერ დაღვრილ სისხლს სამშობლოსთვის, არასდროს დავივიწყებთ!
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან რუსეთის ფედერაცია და თავისი პოლიტიკა ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. აგრესია ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ამ პერიოდში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი არის სწორედ ჩვენი მეგობრების, დასავლური სამყაროს, ჩვენი ხალხის ერთგული მეგობრების დამსახურება და ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია სწორედ მოხდება მშვიდობიანად ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი ხალხის მშვიდობიანი ძალისხმევით და ეს არის სწორედ ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტია, როდესაც ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს გვერდით იქნება ეს ჭირი, როდესაც ჩვენ დაგვესხა თავს რუსეთი, თუ იქნება ეს ჩვენი ქვეყნის განვითარება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.