მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არსად არ იძებნება, არც ერთი პენსია, ხელფასი, ჯარისკაცის თუ პოლიციელის, სახელმწიფო ინსტიტუციის და სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, ყველაფერი ფინანსდება საქართველოას ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია.
„ლუგარის ლაბორატორიაში თუ რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია. ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, არ ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივს რატომ მისდევს კვალდაკვალ. სურათი არის ნათელი, ინტერესი იმისა, რომ საქართველო იქნას გარკვეულწილად მეორე ფრონტის ქარცეცხლში ჩათრეული, როგორც ჩანს, კვლავ ძალიან მაღალია. ამას ემსახურება სწორედ ეს განცხადებები, რომელთა უკანაც რაიმე კონკრეტული არგუმენტიც კი არ არსებობს. ასეთი ზეწოლა საქართველოზე გამიზნულია ერთი მარტივი მიზნისათვის, რომ რამენაირად ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, შანტაჟი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად რაღაც პროცენტი მიაღებინონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქართულმა მედიასაშუალებებმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თანხა, რომელიც ამერიკიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ერიცხებოდა, სავარაუდოდ, აღარ გადმოირიცხება.
საუბარია, მილიონობით დოლარზე, რომლითაც ცენტრი სამეცნიეროო პროექტებს აკეთებს, ატარებდა კვლევებს და ათობით თანამშრომელს ხელფასებს უხდიდა. ლუგარის ლაბორატორია დაფინანსებას, სავარაუდოდ, სწორედ იმ 95 მილიონიდან იღებდა, რომლის გამოყოფაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო შეუჩერა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.