ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის ოფიციალური შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ქვეყნის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ, არ შეიძლება იყოს სანდო - ეს არის ევროკავშირის პოზიცია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენესუელის საარჩევნო საბჭოს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოფიციალური ჩანაწერები (ოქმები), რომელიც დაადასტურებდა ნიკოლას მადუროს გამარჯვებას. ამასთან, ამ ოქმების გამოქვეყნებამდე, საბჭომ უკვე მადურო გამოაცხადა გამარჯვებულად.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თვალსაზრისით ვენესუელაში ხმის მიცემის ორგანიზება შეუსაბამო იყო საერთაშორისო სტანდარტებთან.
"ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო ოქმების ასლები, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, საპრეზინდეტო არჩევნებში მნიშვნელოვანი სხვაობით გამარჯვებულია ედმუნდო გონსალეს ურრიტია", - აცხადებს ბორელი.
ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა არჩევნებში გამარჯვებულად „გადაულახავი სხვაობით“ ედმუნდო გონსალესი გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა ვენესუელის მთავრობას, დაიწყოს დისკუსიები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, კანონმდებლობისა და ვენესუელის ხალხის სურვილის შესაბამისად.
ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს ვენესუელაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.
3 აგვისტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 2000 ადამიანი დააკავეს, დაღუპულია 20-მდე ადამიანი.