აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში თებერვალში გარდაიცვალა, უნდა ყოფილიყო დასავლეთ-რუსეთის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ნაწილი.
სალივანმა თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც უნდა შესულიყო.
"სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა", - განაცხადა სალივანმა.
ნავალნის გაცვლის შეთანხემბაზე მისი პოლიტიკური თანამოაზრეებიც საუბრობდნენ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.
რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად, გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის გუნდის რამდენიმე წევრი. კერძოდ, მისი შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.