თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი პროცესი ხვალ, 13 იანვარს გაიმართება.
გუშინდელ პროცესზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები იქნა განხილული, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარემ სულ 10 შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის მოწმის სტატუსით დაკითხვის საკითხი.
ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულის პროვოცირებაში მონაწილეობდნენ.
"ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გეგმა შეიმუშავეს, რომლითაც განზრახული იყო ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა და მათი დაკავება. უფრო კონკრეტულად, ებრაელი ბიზნესმენების სასარგებლოდ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას 98 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა, რისი დაფარვაც საქართველოს მთავრობას არ სურდა. სწორედ ამის გამო შემუშავდა გეგმა, რომლითაც ებრაელი ბიზნესმენების დაკავება უნდა მომხდარიყო. იმისათვის, რომ ბიზნესმენებს რწმენა გასჩენოდათ, რომ ნამდვილად საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ საქმე, პრემიერ-მინისტრ გილაურის განკარგულებით 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრს მოადგილედ ავთანდილ ხარაიძე დაინიშნა, რომელიც ბიზნესმენებთან დავასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კიდევ უფრო მეტი რწმენის გასაჩენად ნიკა გილაურმა 12 ოქტომბერს წერილი მიწერა ბიზნესმენებს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ მათსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს ხარაიძეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა. ამავე წერილით ნიკა გილაურმა ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია და დაპირდა, რომ საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულებაზე ხელს მოაწერდნენ შესაბამის ხელშეკრულებას, სინამდვილეში კი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოხდა მათი დაკავება", - განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინათ.