ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ აშშ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დღეს, დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა თქვა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.
"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს", - თქვა პატელმა, რომლის კომენტარს „ამერიკის“ ხმა ავრცელებს..
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ეს პასუხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა.
ბრეგაძემ თქვა, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა.
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება... ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის... თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, - თქვა მინისტრმა.