პენტაგონი ავღანეთში დამატებით 34 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გეგმაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მას მხარს დაუჭერს.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის წინადადებით ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც მიმართონ. მიმდინარე ეტაპზე საუბარია დამატებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის თაობაზე. აშშ აღნიშნული თხოვნით ალიანსს, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს მიმართავს.
ამერიკის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ჯეფ მერლი კონკრეტული ციფრების კომენტირებისგამ, თუ რა რაოდენობის დამატებითი კონტიგენტი შეიძლება ავღანეთში გაიგზავნოს, თავს იკავებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აშშ-მ მხარდაჭერის თხოვნით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მართლაც მიმართოს.
ამჟამად, ავღანეთში აშშ-ის 68 ათასი სამხედრო მოსამსახურე და სხვა ქვეყნების 45 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარაკ ობამა და მისი მრჩევლები ავღანეთში დისლოცირებული საჯარისო შენაერთების სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის თხოვნის საფუძველზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა კონტიგენტის 40 ათასამდე გაზრდას ითხოვს, უკვე აწარმოებენ სტრატეგიის გადახედვას.
ბარაკ ობამას განცხადებით, იგი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოს დღეებში გამოაცხადებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას 1 დეკემბერს გააკეთებს.