გამჭვირვალობა დავნერგეთ და ამის გამო კრიტიკა მივიღეთ – რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. დემოკრატიას ინფორმირებული მოქალაქეები ქმნიან და დემოკრატიას ინფორმირებული საზოგადოება სჭირდება. ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ გამჭვირვალობის რეესტრი, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს. ესპანეთია მომდევნო, ვინც გამჭვირვალობის რეესტრს ქმნის. პრაქტიკულად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა იგივე არგუმენტები დაასახელა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავის საზოგადოებას წარუდგინა. გამჭვირვალობა ისეთი ფუნდამენტური პრინციპია, რომლის გვერდის ავლაც მხოლოდ კითხვებს აჩენს, ვიღაცას ხომ არ სურს რაიმეს დაფარვა და დამალვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ კანონის მიღების გამო გააკრიტიკა და ისიც თქვა, რომ რუსეთისკენ შეტრიალდა.
„გამჭვირვალობა დავნერგეთ და ამის გამო კრიტიკა მივიღეთ – რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, დადასტურდა ჩვენი სიმართლე. რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გამოვიდა ინიციატივით, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.