ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
„ჩემი პოზიციაა, რომ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას აქვს თავდასხმის უფლება ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო კანონმდებლობით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს დარტყმებს აგრესორის ტერიტორიაზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია“, - თქვა სტოლტენბერგმა ტელემარეთონის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ „ნატო-ს სხვადასხვა ქვეყანამ შემოიღო სხვადასხვა შეზღუდვები მათ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგი საერთოდ არ აწესებს შეზღუდვებს, ზოგი მხოლოდ გარკვეულ შეზღუდვებს გვთავაზობს“.
„ახლა კი ზოგიერთი მოკავშირე ამსუბუქებს თავის შეზღუდვებს, მათ შორის სამხედრო ოპერაციების გამო, რომლის განხორციელებასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ან უკვე ახორციელებს ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თავდაცვის ძალებმა მაინც განახორციელეს დარტყმები პირობითი ფრონტის ხაზის გასწვრივ რუსული სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც მდებარეობდნენ უკრაინის მიწაზე“.