მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში პირველ ხუთეულშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას ჰკითხეს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6 პროცენტი მიიღო.
ზარქუას თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნა.
„არაკეთილის მსურველები მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან, დემოკრატია, ადამიანის უფლებებიო და მათივე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას, მათ შორის მართლმსაჯულებას, ისინი აფასებენ ობიექტურად. ობიექტური შეფასების შედეგად, საქართველო არის ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილას. მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ 20 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი ჩვენი რეიტინგი. ამხელა ზრდაა მოკლე მონაკვეთში, საქართველო ამით არის პირველ ადგილას. ვისაც რეალურად უნდა ჩვენი განვითარება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის დანახვა, აგერ არის ფაქტი. ესეც „ქართული ოცნების“ მოგონილი ხომ არ არის? ესეც ქართული სოციოლოგიური კვლევების შედეგი ხომ არ არის? ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც 4 000-მდე თანამშრომელი ჰყავთ, მათ შორის არიან ექსპერტები, პოლიტოლოგები, საერთაშორისო მიმომხილველები, ჟურნალისტები. მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მართლმსაჯულებაზე წვდომის კუთხით. ეს აღსანიშნავია, ეს დასაფასებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.