ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა.
აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია: „ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მოლდოვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე“.
დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. გასული 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო ნახსენები. გასული წლის დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP) და ასევე, ნახსენები იყო წლიური ეროვნული პროგრამაც (ANP).
აქუბარდიას თქმით, დღეს ნატო-ს კარი საქართველოსთვის დახურულია.
„2008 წლის დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, სამიტის დეკლარაციაში აღარ არის. საქართველო აღარ არის მოხსენიებული შავი ზღვის ქვეყნებში, არც პარტნიორ ქვეყნებთან, ბოსნიასთან და მოლდოვასთან ერთად. ერთადერთი დაპირება არის, მოლდოვასთან ერთად, რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე. „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება შეასრულა და დღეიდან ნატო-სკენ 22-წლიანი გზა დახურულია, რუსული კანონიდან და დასავლეთზე თავდასხმიდან გამომდინარე“, – განუცხადა პირველ არხს თეონა აქუბარდიამ.