არჩევნებში გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უმრავლესობას სჭირდება – საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ აღნიშნული გადალაგებითაც კი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია. ახლა ცდილობენ, ორში გაერთიანდნენ. შემდეგ შეიძლება იყოს ოთხი. მერე, შესაძლოა, გახარია ცალკე გადააგდონ, დაავალონ, „ქართულ ოცნებას“ იქნებ ერთი პროცენტი მაინც წაართვა, ეგეც საქმეაო, თუმცა, არ შველის ასეთი ერთეული პროცენტის წართმევა, რადგან გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უმრავლესობას სჭირდება – საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ. შესაბამისად, ისინი დღეს ობიექტურად ძალიან წვალობენ. ცდილობენ, ნახონ რაიმე კონფიგურაცია. ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, ვერცერთი კონფიგურაციით „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ. ამიტომ წვალობენ – ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამაში რადიკალური ოპოზიცია მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაც რწმუნდება.
„იხტიბარს არ იტეხენ და რაღაც კონფიგურაციის დალაგებას ცდილობენ, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი ექნებათ, თუმცა უშედეგოდ. მათი საერთო ნიშანი არის ბოროტება და მათ ჰყავთ გარე დავალებების მიმცემი ადამიანები, რომლებიც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს რამდენიმე ასეული ადამიანი, თუ რამდენიმე ათასი არა, რომლებსაც რაც არ უნდა დაავალონ, განმაცვიფრებელ დავალებებსაც კი შეასრულებენ, ოღონდ მათი უფროსების, გარედან დავალების მიმცემების აზრი გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე, ისინი ბევრჯერ გადაჯგუფდებიან. უკვე მოახლოვდა არჩევნები. მოუწევთ რაღაც კონფიგურაციის დალაგება, რომლის შემთხვევაშიც ასევე უშედეგოები იქნებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.