მადლიერება არის ადამიანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და არანაირი პირობა და „მაგრამ“ არ შეძლება ახლდეს მადლობის გამოხატვას თან. ყოველთვის ყველამ გულწრფელად უნდა ვთქვათ მადლობა და ვისაც როგორ შეუძლია, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ძალიან სიმბოლურად, თავმდაბლურად გამოხატეს მადლობა და ძალიან სოლიდური წახალისება გაუკეთეს ნაკრებს და ნაკრებმაც თავმდაბლურად მიიღო და დღეს, გუნდის კაპიტანმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს არის დიდი წახალისება, დიდი მოტივაცია და მისასალმებელია, რომ ეს გააკეთა იმ ადამიანმა და იმ ოჯახმა, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს. საზოგადოებას სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ეგულება იმ ადამიანად და იმ მოქალაქეებად, რომლებიც ყველა საჭირო დროს, იქნება ეს სიხარულის თუ გაჭირვების პერიოდი, ეგულება თავის მხარდამჭერად და გვერდში მდგომად. რომ გავიხსენოთ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, იქნებოდა ეს საგანმანათლებლო სფერო, დიდი ეკოლოგიური პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აღდგენა, პოლიტიკაც, რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალშია, ეს ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე და აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. როგორც მას სჩვევია, აქაც ეს ძალიან თავმდაბლად გააკეთა, არ გამოსულა ტელევიზიით და არ უთქვამს არცერთი ზედმეტი სიტყვა. გააკეთა ძალიან თავმდაბლურად, სიმბოლურად და გუნდმაც ეს ძალიან სიმბოლურად მიიღო. უდავოდ მისასალმებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ადამიანი, ვისაც შეუძლია და აკეთებს კიდეც. რაც მთავარია, არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ამის ნება და სურვილიც აქვს, რომ მაქსიმუმი გაუკეთოს თავის ქვეყანას და ნაკრები ამ შემთხვევაში სწორედ ქვეყანას გამოხატავდა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.