დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილი მეგობრები აცნობიერებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და იმედია, იმ შეცდომების გამეორება არ მოხდება, რაც იყო წინა წელს, როდესაც გაურკვეველი მიზეზებით მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, რაც მათივე ანგარიშებშია მოცემული, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობა, ესეც მათ ანგარიშებშია მოცემული. საქართველო განაგრძობს სვლას უკეთესი მომავლისკენ, ევროპული მომავლისკენ და ჩვენ ვრჩებით პრინციპულად ერთგულნი იმ გადაწყვეტილებების და იმ ინტერესების რომელიც უპირველეს ყოვლისა ეხება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას, განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას, განაგრძობს სვლას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილი მეგობრები აცნობიერებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და იმედია, იმ შეცდომების გამეორება არ მოხდება, რაც იყო წინა წელს, როდესაც გაურკვეველი მიზეზებით მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადება“, – განაცხადა თალაკვაძემ.