რამდენიმე წუთის წინ, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა.
„განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.