აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლის "იმპერიულმა აგრესიულმა ომმა შოკში ჩააგდო ქვეყნები მთელს მსოფლიოში" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მცდელობა წაშალოს უკრაინა მსოფლიო რუკიდან წარმოუდგენლად რადიკალური და წარმოუდგენლად საშიშია.
„პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია განსაზღვროს რომელი ქვეყნები შეიძლება არსებობდეს და რომელი შეიძლება წაიშალოს მსოფლიო რუკიდან. პუტინმა ეს ომი მშვიდობიანი მეზობლის (ტერიტორიაზე) შეჭრით დაიწყო. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ცდილობს 43 მილიონზე მეტ ადამიანს ჩამოართვას დემოკრატია“- აღნიშნა ოსტინმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში.
თავდაცვის მდივანმა დასძინა, რომ უკრაინის მოკავშირეები გააგრძელებენ მისი სუვერენიტეტის დაცვას და ახალი ვარიანტების ძებნას, რათა უზრუნველყონ მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.
”ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება თავისუფლებისათვის ბრძოლაში,” - თქვა მან.
ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსული ძალების წინსვლა ხარკოვის რეგიონში ნელდება და ფრონტის ხაზი სტაბილურდება მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მოკავშირემ გააუქმა შეზღუდვები კიევის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ „კარგად გამოიყენა“ მიწოდებული იარაღი და საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებაზე რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად, რომლებსაც რუსები ხარკოვზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.