მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც იქნება ზუსტად იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური ზეგავლენა დღეს არის გამოწვევა ევროპაში.
„ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოხატა ევროპელი ხალხის ნება, მათი დამოკიდებულებები, ცხადად გამოჩნდა, რომ განვითარებულ დემოკრატიებში ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში საზოგადოებამ, მოქალაქეებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებს, აძლევენ გარანტიებს უფრო ძლიერი სუვერენიტეტისთვის და აძლევენ გარანტიებს მეტი კეთილდღეობისთვის უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, არჩევნების შედეგებსაც შევხედოთ. რამდენიმე ქვეყანას მოუწია პარლამენტის დათხოვნა თუ გადადგა პრემიერ-მინისტრი, მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი აჩვენებს რომ ევროპულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხმა მისცა პირდაპირ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც მოქალაქეებს აძლევენ მყარ გარანტიებს და უფრო მეტ გარანტიას სუვერენიტეტის დაცვაზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, უნივერსალური ღირებულებების დაცვაზე და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ეს არის ზუსტად ის განცხადებები და ის მიზნები რომელსაც ორი წლის წინაც, გასულ წელსაც და ახლაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ ეუბნებოდა თავის საზოგადოებას. მოვა დრო ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც იქნება ზუსტად იმ ღირებულებების მხარდამჭერი რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.