ჩემი აზრით მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის დიდი ტრაგედიაა, როდესაც ასე ხდება დევალვაცია ამერიკული ღირებულებების, რომელიც ყველას გვჯეროდა და გვწამდა, რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა, ეს არის ადამიანის უფლებები და რას ვხედავთ - ამერიკიდან ასანქცირებენ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ კანონი მიიღეს, კანონი, რომელიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენს კანონზე გაცილებით მკაცრი კანონი აქვთ თავიანთ სახელმწიფოებში. ახლახან საფრანგეთში მიიღეს და უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც გულისხმობს რომ ყველას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხოს. ჩვენთან კიდევ ვთქვით, რომ უბრალოდ წელიწადში ერთხელ შეავსე დეკლარაცია და გააგრძელე მუშაობა - ეს არ გვაპატიეს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, დეპუტატები დაასანქცირეს იმიტომ რომ კანონი მიიღეს და სამართალდამცავები იმიტომ, რომ წესრიგს იცავენ.
„2012 წლამდე, როდესაც მკვდრები ჯიხურის თავზე შემოყარეს, ამის გამო ერთი დასანქცირებული ან პოლიციელი, ან მერაბიშვილი, ან ადეიშვილები, კეზერაშვილი ან რომელიმე დეპუტატი გინახავთ?! ამიტომ არის ეს ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ზარქუამ არ გამორიცხა, რომ სანქციები არ არსებობს და ეს მითია.
"მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ არანაირი სანქციები არ არსებობს, ეს არის თეორია, მითი, არავინ არაა დასანქცირებული, ყოველ შემთხვევაში. ახლა ეს დღეები საქმეები გვაქვს, სესიები გვაქვს და ასე შემდეგ, თორემ შეიძლება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კვირაში ამერიკიდანაც მოგესალმოთ“. - თქვა ირაკლი ზარქუამ.