ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა შშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარდგენილი გეგმის შემდეგ განცხადება გაავრცელა.
განცხადებებში ნათქვამია, რომ ღაზაში ომი არ დასრულდება ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის ვიდრე არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება.
„პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების გუნდს უფლება მისცა, წარადგინოს ამ მიზნის მისაღწევად გეგმა და დაჟინებით მოითხოვს, რომ ომი არ დასრულდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის ვიდრე არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება. ისრაელის მიერ შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები”, – წერია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ახალი პირობები წარუდგინა, რომელიც კატარმა ტერორისტულ დაჯგუფებას უკვე გადასცა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს.