ბრიტანულ პოდკასტზე The News Agents-ზე გამოქვეყნდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მარიამ ლაშხთან ინტერვიუს მცირე მონაკვეთი.
ინტერვიუში მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ "გლობალური ომის პარტია" მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკასა და ყველაფერზე.
ლაშხის თქმით, მიუხედავად ამისა, არ იცის, ვინ არიან "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები.
ამონარიდი ინტერვიუდან:
თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა "გლობალური ომის პარტიაზე", "რა არის გლობალური ომის პარტია"?
ფრიმასონები, მაგალითად, რომელთა შესახებაც ათწლეულებია გვესმის და რომლებზეც ამბობენ, მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე. დღეს, როდესაც, მე ჩართული ვარ საგარეო ურთიერთობებში და ზოგჯერ მაქვს შეხება პარტნიორებთან, ისინი ამბობენ, რომ კარგია, კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმა...
რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენ ფიქრობთ, რომ ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
მე პირადად, უბრალოდ ვადარებ მათ ფრიმასონებს, რომლებიც განცალკავებულად მდგომი ძალაა, რომელთაც ჩვენ პირადად არ ვიცნობთ.
და ვინ არიან კიდევ, ფრიმასონების გარდა?
მასონები, რომელთაც აქვთ გავლენა და ჩვენ ვაღიარებთ, რომ მათ აქვს გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, რაღაც ამის მსგავსი ძალაა.
ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები, მასონების გარდა?
არ ვიცი
თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ და მან გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა ევროკავშირის და აშშ-ის მანიპულირებაში. ესე იგი ისინი ძალიან გავლენიანები უნდა იყვნენ.
დიახ. მათ აქვთ დიდი გავლენა. მე არ ვიცნობ მათ პირადად, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა ძალა, რომელსაც აქვს გავლენა.
დიდი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ადამიანებს, რომ არსებობს რაღაც ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც სახავს ომს გლობალური მასშტაბით, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, სადაც იმედი გაქვთ, რომ გაწევრიანდებით, არ ფიქრობთ, რომ უნდა ვიცოდეთ, თუ ვის გულისხმობს?
დიახ, რასაკვირველია.
ჟურნალისტ ლუის გუდალის თქმით, ინტერვიუს უფრო დიდი ნაწილი აღარ გააშუქეს.
"შეგვეძლო, ამ ინტერვიუდან კიდევ უფრო მეტი გვეჩვენებინა. ძალიან ბევრი გაგებით, გაოგნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მას იმის, რასაც ამბობს, მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო". - თქვა გუდალმა.