გურიაში ჩატარებულ სპეცოპარაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძებნილი დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მათი განცხადებით, 2011 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქადეიშვილი იმყოფებოდა ნათესავის, კუტოღლიანი-მიშკინას ბინაში, სადაც მივიდა დახმარების თხოვნით. უარის მიღების შემდეგ მოუვიდა კონფლიქტი ნათესავთან და კუტოღლიანი-მიშკინა დაჭრა მუცლის არეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება. ადგილზე მისულ პოლიციას ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, ჩაჰბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად ქადეიშვილი გარდაიცვალა, რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან-მიშკინას, იგი გადაყვანილია სავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ქადეიშვილი იძებნებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: 1. 2008 წლის აგვისტოში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება; 2. 2008 წლის აგვისტოში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობა; 3. 2009 წლის 29 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური "ვისოლის" დაყაჩაღების ფაქტი, იმავე დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვა და ავტომანქანის გატაცება; 4. 2010 წლის 7 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ყაჩაღობის მიზნით ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღება, ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მისი კუთვნილი ავტომანქანა "ნივას" გატაცება; 5. 2010 წლის 15 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მცხოვრებ თედორე გიორგის ძე ხურციძის ოჯახს და შურისძიების მოტივით ავტომატიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი, 53 წლის თედორე გიორგი ძე და 30 წლის ირაკლი თედორეს ძე ხურციძეები, ასევე დაჭრა ირაკლი ხურციძის მეუღლე, 25 წლის ქეთინო ვახტანგის ას აშუბა და შვილი, 10 თვის გიორგი ირაკლის ძე ხურციძე; 6. 2011 წლის 4 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიშკო კუტოღლიანის მკვლელობის მცდელობა.