"საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინის გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
ბურიჩის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო.
„ვინაიდან უახლოეს ხანებში, ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება [კანონთან დაკავშირებით], მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და გახსნას წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს გავრცელებული ცნობებით, "რომელიც ეხება დაშინების კამპანია, ძალადობას, ძალის არაპროპორციულად გამოყენებას, უკანონო დაკავებებს და ნარატივებს, რომელიც ოფიციალური პირების მიერ გამოიყენება სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სტიგმატიზების მიზნით".
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, და ამავდროულად, უზრუნველყოს სათანადო და ეფექტური გამოძიება უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევებზე.
მისივე თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე პროგრესის განმტკიცებაში.