შინაგან საქმეთა სამინისტრო გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციის მიერ ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე პიროვნება, მათ შორის ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო იქნენ დაკავებული.
"აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე გაშლილი ჰქონდათ თვით ნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
დაკავებულები შემოწმებულნი იქნენ ნარკოლოგიური ექსპერტიზის მიერ, რის შედეგადაც ორ მათგანს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ვეტერანები გუშინ დაარბიეს. დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დღეს იმსჯელებს.