სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ გოჩა ჯავახიშვილი ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ამჯერად არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის გადადგომას. ყველასთვის ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს საგარეო კურსი შეცვალა და ამით არამარტო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს და მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ვიაროთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ, არამედ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიები და მართვის მოდელი თავისი არსით მთლიანად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეს არის მისი მხრიდან კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს, თუ რას ნიშნავს საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან და რას ნიშნავს საქართველოსთვის ავტორიტარიზმის დამყარება – ეს ნიშნავს საქართველოს გადაქცევას რუსეთის ვასალად, რაც არამარტო ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დღევანდელი თაობის მისწრაფებებს, არამედ ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მიზანს და ეწინააღმდეგება მომავალი თაობების ამოცანას.
ამიტომ გოჩა ჯავახიშვილის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის აქ თბილისში – საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე მისიებში, რომ მათ გააკეთონ დღეს არჩევანი როგორ ხედავენ ქვეყნისა და საკუთარ მომავალს. გოჩა ჯავახიშვილი არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი და მე მასთან მაკავშირებს პირადი ურთიერთობა. მინდა, ვთქვა, რომ ის არის ძალიან მაღალი, ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანი და მისი ეს ნაბიჯი დარწმუნებული ვარ ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის სხვა თანამდებობებისგან იმას, რომ დაგმონ ივანიშვილის მიერ საგარეო კურსის ცვლილება“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.