სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "გამჭვირვალობის კანონი" ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
"ჩვენ გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ, ისინი კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მილერმა კომენტარი არ გააკეთა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებაზე.
"არ ვაპირებ რაიმე განცხადება გავაკეთო სანქციებზე, იმაზე თუ რას ვაპირებთ, ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს".