თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბრალი ვეტერანების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მუხლები 400 ლარიან ჯარიმას ან 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ვეტერანთა შიმშილობის აქცია 3 იანვარს დაშალა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის შედეგად 7 ვეტერანი დააკავეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს.
ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ.