3 იანვარს, ზუგდიდში, დაუდგენელმა პირებმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს „ქართული პარტიის" აქტივისტი დავით სორდია. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეკრების დროს, დავით სორდიამ დროებით დატოვა ოფისი და ქუჩაში გავიდა, სადაც მას, შელაპარაკების პროვიცირების დროს, დანით ჭრილობები მიაყენეს.
"ქართული პარტია" აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. დავით სორდია „ქართული პარტიის" აქტივისტია ზუგდიდში. ამდენად, მასთან ფიზიკური ანგარიშწორებით, დანაშაულის დამკვეთები და შემსრულებლები „ქართული პარტიის" ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას გეგმავდნენ. 20 იანვარს იგეგმება „ქართული პარტიის" ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნა და ამდენად, სავარაუდოდ, ეს პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან ამ ღონისძიების ჩაშლისკენ არის მიმართული.
„ქართული პარტია" მოითხოვს, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება, დამნაშავე პირები დააკავონ და მათ კანონის წინაშე აგებინონ პასუხი.