როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„არ დავუთმობთ. ჩვენ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ გააუქმებენ „ფარას“, თუ საფრანგეთი სენატის მიერ დამტკიცებულ პროექტს უკან გაიწვევს. უკან გავიწვევთ, თუ ამ კანონის მიღებაზე ისრაელი უარს იტყვის, თუ ბრიტანეთი იტყვის, რომ ეს კანონი არ სჭირდება.
ხალხნო, ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან ყველას აქვს ინტერესი, უფრო მეტიც, ჩრდილოეთი შემოიჭრა და ოკუპირებული აქვს, ხოლო ზოგს ჩვენი ტერიტორიები საკუთარ დოქტრინაში აქვს მოხსენიებული. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ქართული სახელმწიფოს მომხრეა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რომ ამ რეგიონში მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს დაფინანსებები? ჩემთვის ეს გაუგებარია. როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეული, პატიოსანი ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს. ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. კიდევ ერთხელ, ღიაობა და გამჭვირვალობა არის ევროპულობა, შავი საქმეების კეთება არის რუსული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.