რესპოდენტის შესახებ
- ბატონო ზურაბ, 9 აპრილს თქვენ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ბათუმში ხელმძღვანელობდით. გაამართლა თუ არა ამ დღემ თქვენი მოლოდინი?
- 9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ვფიქრობ, როგორც თბილისში, ისე ბათუმში გამართულ აქციებზე მისული ხალხის სიმრავლით სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ სერიოზული სიგნალი მიიღო. 9 აპრილს ძალიან დიდ შეფასებას ვაძლევ. სწორედ საზოგადოებაა ის ძალა, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს.
- როგორც ცნობილი იყო, 10 აპრილიდან თქვენი მხარდამჭერებით დედაქალაქში მიმდინარე მანიფესტაციას უნდა შეერთებოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აქციებზე მისვლას საერთოდ არ აპირებთ. რატომ გაემიჯნეთ დანარჩენ ოპოზიციას?
- ჩვენ არავის ვემიჯნებით. მით უმეტეს, არ ვეჩხუბებით და არ ვგმობს მათ მეთოდებს. ოპოზიციას წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი მხრიდან 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი პარტიების იმ მოქმედებების დაგმობა, რომელსაც ჩვენ თვითონაც მივმართავთ _ ვგულისხმობ, მიტინგებს, დემონსტრაციებს, რასაც ქუჩების ბლოკირებაც მოჰყვება ხოლმე _ არაკორექტული იქნებოდა. მით უფრო, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის ქმედებები და მეთოდებია, რომელიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს.
- სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გულისხმობთ?
- დიახ, დაუმორჩილებლობას და საერთოდ ყველა იმ მეთოდს, რომელსაც თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ამჟამად მიმართავს: მიტინგებს, შენობების პიკეტირებას, ქუჩის გადაკეტვას. ამ მეთოდს მივესალმებით, ჩვენც ანალოგიურად ვმოქმედებდით და ამ მეთოდებს მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ.
- თუ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის თქვენი პარტიისეული და დანარჩენი ოპოზიციის მეთოდები ერთნაირია, მაშინ რატომ თქვით უარი აქციებში მონაწილეობაზე?
- "მოძრაობა - სამართლიანი საქართველოსთვის" აქციებში 10 აპრილის საღამოდან არ მონაწილეობს. უფრო დეტალურად ამის მიზეზებზე აღდგომის შემდეგ ვისაუბრებ. იქამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და მომავალშიც ჩვენი გეგმის მიხედვით ვაპირებთ მოქმედების გაგრძელებას. პრინციპში, მთავარი მიზეზი უკვე გითხარით კიდეც.
- ანუ "მოძრაობა - სამართლიანი საქართველოსთვის" და დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის განსხვავებული სამოქმედო გეგმა აქვს?
- დიახ. ჩვენ, როგორც იცით, 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები არც არასდროს ვყოფილვართ. 9 აპრილსაც ჩვენი გეგმით ვმოქმედებდით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
- და როგორია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის თქვენეული გეგმა, ქუჩის აქციები მასშიც შედის?
- დიახ. ჩვენ ვგეგმავთ მაისში აქციის გამართვას თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში. ივნისში უკვე სხვაგან და ასე შემდეგ.
- როგორც აღნიშნეთ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას მხარს უჭერთ. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების შესაცვლელად რამდენად შედეგიანი გზაა?
- დარწმუნებული ვარ, 9 აპრილიც და მისი შემდგომი დღეებიც იმის განმაპირობებელი იქნება, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდეს, თან საკმაოდ მოკლე დროში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სწორედ აქედან გამომდინარე, 9 აპრილს ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ.
- რას იტყვით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დიალოგზე. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ დიალოგის მაგიდას მიუჯდეთ?
- რაც შეეხება დიალოგს, ის უპირველესად, სააკაშვილს და ყველაზე რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს. ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებიც 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები არიან და დღეს ქუჩაში დგაგანან. რაც შეგხვეხება "მოძრაობა - სამართლიან საქართველოსთვის", ჩვენი მხრიდან ხელისუფლებასთან დიალოგი, თუნდაც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის თაობაზე, ნამდვილად არაკორექტული იქნება.
- ბატონო ზურაბ, სხვათა შორის, პრეზიდენტ სააკაშვილს რიგი ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის ნინო ბურჯანაძე იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური უმცირესობა რადიკალურ ოპოზიციად შეაფასა. თქვენ თუ მიიჩნევთ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციად?
- კი. ჩვენ ჩვენს თავს მივიჩნევთ რადიკალურ ოპოზიციად.
- ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დარჩენას მხარს უკვე აღარც დასავლეთიც უჭერს. თავად პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ 9 აპრილის მოლოდინის გამო დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობა შეაჩერა. როგორ ფიქრობთ, რამდენად განსხვავებულია საქართველოს არსებული ხელისუფლებისადმი ობამას ადმინისტრაციის პოზიცია იმისგან, ვიდრე ეს ბუშის პრეზიდენტობის დროს იყო?
- ობამას ადმინისტრაციის პოზიცია კი არ არის განსხვავებული იმისგან, რაც ბუშის ადმინისტრაციას ჰქონდა, არამედ სააკაშვილის მაშინდელ და დღევანდელ ხელისუფლებას შორისაა სხვაობა.
- განსხვავება რაშია?
- მაშინ საქართველოს ჰყავდა წარმატებული ხელისუფლება, ვგულისხმობ 2007 წლის 7 ნოემბრამდე, ხოლო მის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარუმატებლობას განიცდის. სააკაშვილისადმი მსოფლიო ლიდერების დამოკიდებულება რომ უარყოფითისკენ შეიცვალა, ამას ის დინამიკაც მოწმობს, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებობს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც საუბრის დასაწყისში გითხარით: 9 აპრილს ქართულმა საზოგადოებამ ბათუმსა და თბილისში შეკრებით არა მარტო სააკაშვილს და მის გარემოცვას, არამედ მსოფლიო თანამეგობრობასაც დაანახა, რომ ამ ქვეყანას სააკაშვილის პრეზიდენტობა აღარ სურს. ვფიქრობ, სააკაშვილი მდგომარეობიდან ვეღარ გამოვა, ამიტომ ეს ყველაფერი ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს და სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში ხელისუფლების მშვიდობინი ცვლილება გარდაუვალი იქნება.
- თქვენ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყავით, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის ხასიათსაც კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ გადადგომის საკითხის განხილვა დაიწყოს?
- თავისი ნებით, საზოგადოების ზეწოლის გარეშე ბუნებრივია, ეს არ მოხდება. სააკაშვილს ყველა კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, იძულების გარეშე თანამდებობას არ დატოვებს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე