შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის რეგიონში ორი და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის კიდევ ერთი ახალი შენობა გახსნა
2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 60 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. დღეისათვის კახეთის რეგიონში პოლიციის ხუთი ახალი შენობა მოქმედებს. 31 დეკემბერს ხსენებულ რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყებს ახმეტის რაიონული პოლიციის სამმართველოს და სოფელ დუისის პოლიციის განყოფილების ახალ შენობები. ახმეტის რაიონული პოლიციის ახლად აშენებული სამმართველო, სადაც ორმოცდაათი პოლიციის თანამშრომელია დასაქმებული ახმეტის რაიონის 64 სოფელს მოემსახურება, ხოლო დუისის პოლიციის განყოფილების ოცდაათი თანამშრომელი პანკისის ხეობის 16 სოფელს.
31 დეკემბერს ასევე ფუნქციონირებას იწყებს ქ.თბილისში გურამიშვილის ქუჩის 17 ნომერში მდებარე ახალი შენობა, სადაც გლდანი-ნაძალადევის სამმართველო და ამავე რაიონის პოლიციის მერვე განყოფილებაა განთავსებული, რომელიც სანზონის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნულ შენობაში სულ 80-მდე თანამშრომელი მუშაობს. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ეს უკვე რიგით მეხუთე პოლიციის განყოფილებაა, რომელიც თანამედროვედ აღჭურვილ ახალ შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას.
შენობების გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი და პარლამენტის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.