„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
მეთიუ მილერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.
ზარქუამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმეზე თქვა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ყველას, ვინც მოსამართლესა და მის ოჯახს აბულინგებდა.
„ბატონო მილერ, მოსამართლეები დაასანქცირეთ და დღემდე ველოდებით პასუხს, რის საფუძველზე, კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ, ეს ადამიანი თვითონაა ეჭვმიტანილი ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეშ.ი „მეთიუ, are you kidding my friend? – საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ, დასანქცირებულის კიდევ ერთ ქეისს, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა „რუსთავი 2“-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ, რადგან მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს“, -აღნიშნავს ზარქუა.
ზარქუას თქმით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია.
„რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით, საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს 11 სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენი კვლევების მიხედვით. შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით. დღემდე ველოდებოდით დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე, არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ. კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ, რადგან ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელიც სტრასბურგმა არ მიიღო განხილვაში. თქვენ კიდევ დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს. ასე რომ, პირიქით, მე მოგიწოდებთ, ჩემო მეგობარო“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ. (საზოგადოებრივი მაუწყებელი)