უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სამართლის სფეროში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ახალი სისხლის სამართლის პროცესსა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებას ასახელებს.
კუბლაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალი რედაქციით, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა ნაფიც მსაჯულთა მიერ.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. როგორც კუბლაშვილმა, განაცხადა მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ხელი შეუწყოს სასამართლოს მიერ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.
ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ, სასჯელის ზომის განსაზღვრა კი მოსამართლის პრეროგატივა იქნება.