ევროპაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი აღარ არის ფანტაზია, ამიტომ ევროპელებმა უნდა იპოვონ ახალი გზები კონტინენტზე პოტენციურად ფართო ომისთვის ფინანსურად მოსამზადებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
”უდავოდ ომი ჩვენს გვერდითაა... და ჩვეულებრივი მაღალი ინტენსივობის ომი ევროპაში აღარ არის ფანტაზია”, - თქვა ბორელმა ბრიუსელში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.
მან დასძინა, რომ რუსეთი ევროპას უკრაინაში ომით და ევროკავშირის ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმებით ემუქრება.
”ეს {ომი} ხვალ არ დაიწყება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ რეალობა”, - თქვა ბორელმა. მან ევროპელებს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის ახალი გზების გამონახვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვჭირდება ახალი სამთავრობათაშორისო დაფინანსების მექანიზმი... რომელიც იმის მსგავსი იქნება, რაც ჩვენ შევქმენით ფინანსური კრიზისის დროს“, - თქვა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაასახელა ევროპელების მზარდი შიში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების გამო, რომელიც ამბობდა, რომ არ დაიცავდა ევროპაში ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.
"აშშ-ის ქოლგა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობოდით ცივი ომის შემდეგ, შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს . შესაძლოა, იმისდა მიხედვით, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში ვაშინგტონში, ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ ამერიკის დაცვას", - თქვა ბორელმა.