1-6 დეკემბერს თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალს კინოთეატრები "ამირანი" და "რუსთაველი~ უმასპინძლებენ. კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან.
ფესტივალი საზეიმოდ 1-ელ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიხსნება. ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი "ქუჩის დღეები".
ფესტივალი 6 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" საზეიმოდ დაიხურება მაიკ ლის გახმაურებული სურათით "ვერა დრეიკი".
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროგრამები: ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ფრანგული კოლექცია, კადრშია იტალია, რეჟისორი ფოკუსში, ლონდონის კინოსკოლა, მარგარეტ მიდის ვიდეო- და კინოფესტივალი, ჰამსუნი და კინო, სპეციალური ჩვენება, ქართული პანორამა და მასტერკლასები.
სექცია "ევროპული კინოს ფორუმი" მაყურებელს ბოლო ორი წლის ევროპულ მხატვრულ კინოპროდუქციას გააცნობს. ამ სექციაში თავმოყრილია ფილმები, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორიცაა კანის, კარლოვი ვარის, ბერლინის, სან-სებასტიანის, მოსკოვის, და ა. შ. ფილმებთან ერთად.
სექცია "ჰორიზონტები" თავს მოუყრის ფილმებს აზიის ქვეყნებიდან. წარმოდგენილი იქნება ინდოელი რეჟისორის, მუსტაფა ზავერის "რ(ევოლუცია).
ნორვეგიის კინოცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მცირე რეტროსპექტივა. პროგრამაში შესულია კნუტ ჰამსუნზე გადაღებული ქართული ფილმიც (რეჟ. ოლღა ჟღენტი).
სექცია "რეჟისორი ფოკუსში" წარმოდგენილი იქნება სომეხი რეჟისორი _ ჰარუთუნ ხაჩატრიანი, რომელიც წარმოშობით ახალციხის რაონიდანაა. ნაჩვენები იქნება მისი სამი ფილმი. თავად რეჟისორი ფესტივალის სტუმარი იქნება.
წელს პირველად ჩატარდება დოკუმენტური ფილმების პროექტების პრეზენტაცია - Pitch.Doc Georgia, 2009. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კინოდოკუმენტალისტები ე. წ. ",კიევის ინიციატივის" ქვეყნებიდან.
გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის, ვერნერ ვიოლის უშუალო ხელმძღვანელობით წელსაც, როგორც გასულ წლებში, მზადდება პროგრამა ""Made in Germany". ამ განყოფილებაში ბოლო წლების შვიდი ყველაზე გახმაურებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 7 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფლორიან გალენბერგერის ფილმი "ჯონ რაბე".
საფრანგეთის კულტურის ცენტრთან ერთად მზადდება ფრანგული ფილმების პანორამა "French Showcase", რომელიც მოიცავს რამდენიმე მხატვრულ ფილმს.
იტალიის საელჩოსთან და ფლორენციის კულტურის მენეჯერებთან ერთად წელს პირველად მოეწყობა ახალი იტალიური ფილმების ჩვენება, პროგრამით "მზერა იტალიისკენ". მათ შორისაა მატეო გარონეს, რიკარდო მილანისა და რობერტო როსელინის მოსწავლის, პაოლო ბენვენუტის ფილმები. კინოფესტივალის სტუმარი იქნება რამდენიმე რეჟისორი და მსახიობი.
თბილისის სტუმარი იქნება თანამედროვე ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი მაიკ ლი. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება ბრიტანული კინოაკადემიისა და ვენეციის საერთაშორისო კინფესტივალის ლაურეატი ფილმი "ვერა დრეიკი", ამას გარდა მაიკ ლი ჩაატარებს მასტერკლასს ფესტივალზე აკრედიტებული ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის, რომელთა შორის იქნებიან, როგორც ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეები.