„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა სააგენტო „ამაკმა“ გაავრცელა ტერორისტების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის კადრები. იუწყება გამოცემა „მედუზა“. გამოცემა არ აქვეყნებს ვიდეოს, რადგან ის შეიცავს საზარელ კადრებს, რომლის ნახვაც შოკისმომგვრელია.
კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან ტერორისტები ადამიანებს ახლოდან. ერთ-ერთი მათგანი სულ მცირე 10-ჯერ ისვრის. დარბაზში იატაკზე მიმოფანტულია ცხედრები. ერთ-ერთი ტერორისტი უახლოვდება კაცს, რომელიც იატაკზე წევს და დანით ყელს ჭრის.
კადრები გადაღებულია პირველი სართულის დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელთან. დარბაზში უკვე კვამლია. ვიდეოში თავად ტერორისტების სახეები ბუნდოვანია.
კადრებში ერთ-ერთი ტერორისტი ყვირის (ვიდეოს დართული აქვს არაბული ტიტრები): "მიდი", "მოკალი ისინი, არ დაინდოთ", "ურწმუნოები დამარცხდებიან" და ადიდებს ალაჰს.
ვიდეოს თანახმად, თავდასხმაში სულ მცირე ოთხი ტერორისტი მონაწილეობს. მათი ჩაცმულობა ჰგავს იმ ტერორისტების ჩაცმულობას, რომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია და კადრები ეფ-ეს-ბე-მ გაავრცელა. გამოცემამ "მნიშვნელოვანი ისტორიები" ყურადღება გაამახვილა ავტომატზე, რომელიც იგივე ფერისაა, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ საკონცერტო დარბზაში ასახული თავდასხმის ვიდეოში ჩანს.
22 მარტს მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტს 133 ადამიანი ემსხვერპლა და 152 დაშავდა.