გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოელის, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ძალიან მკაფიო სიგნალს მიიღებს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვუგზავნით პუტინს. მან არასწორი გათვლა გააკეთა, თუ მიიჩნევს, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – განაცხადა შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე.
შოლცმა კვლავ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დახმარება გააფართოვონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გავაკეთოთ, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის სასტიკ აგრესიას უკრაინას დახმარების გაწევით. ყველა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს და მე აქ კარგ პროგრესს ვხედავ“, - განაცხადა მან.
კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია, რომელმაც უკვე მიაწოდა ან დაჰპირდა უკრაინას 28 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას, არის კიევის უდიდესი სპონსორი ევროკავშირში.
კანცლერმა უკრაინის შესახებ თებერვლის ბოლოს გამართულ პარიზის სამიტის გადაწყვეტილებას უწოდა მნიშვნელოვანი გარღვევა, რომლის დროსაც გადაწყდა დიდი მოცულობის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა კიევისთვის ევროკავშირის გარეთ.
შოლცმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ სამიტის მონაწილეები დათანხმდებიან გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება იარაღის შესაძენად, რომელიც უკრაინას სჭირდება თავდაცვითი ბრძოლისთვის.