ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარებას.
ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანდრიი ერმაკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა თქვენი. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, მდგრად და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს მომავალი აგრესია და ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით ამ გზის ყოველ ეტაპზე ”- ხაზგასმით აღნიშნა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე მოუწოდა უკრაინას, სჯეროდეს შეერთებული შტატების.
"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ ომის დაწყების დღიდან. ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა გაგიწიეთ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ყოველდღე".- თქვა სალივანმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მუდმივად ცდილობს, რომ სენატში უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების დამტკიცებული მოთხოვნა წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდეს.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ამის მიღწევას. ჩვენ უკრაინას ამ დახმარებას მივაწოდებთ", - აღნიშნა სალივანმა.
ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას შეძლო გამოეცხადებინა ახალი 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დახმარების შესახებ. მისივე თქმით, უკრაინაში ამ ახალი კრიტიკული დახმარების გაგზავნა დაჩქარებულია.
გარდა ამისა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას დანარჩენ მსოფლიოსთან, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციასთან, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. „ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მანამდე, ვიდრეუკრაინა არ გაიმარჯვებს“, - თქვა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელი იქნება გეგმა „ა"-ს განხორციელება - უკრაინის დახმარების პაკეტზე წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული კენჭისყრის მიღწევა. ამასთან, სალივანს არ გაუკეთებია პროგნოზი, თუ როდის დამტკიცდება დახმარება, თუმცა მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.