დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში „სტუდია მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალისტურ გამოძიებაში მოთხრობილია ლიახვის ხეობიდან დევნილი მოქანდაკის ვალერიან ჭილაშვილის სისხლის სამართლის საქმის შესახებ.
63 წლის ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და ბრალი 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო. პროკურატურის მოთხოვნით დევნილ ჭილაშვილს სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა და უკვე 25 დღეა პატიმრობაშია.
ფილმში ნაჩვენებია, რომ იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ამ წლის 8 ოქტომბერს გამოსცა N181-ე ბრძანება, რომლის თანახმადაც თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა, პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს. იურისტებს მიაჩნიათ რომ იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება მცხეთის პროკურატურამ უგულებელყო, როცა 35 ლარიან ზიანზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, და დევნილ ბრალდებულს 2 000 ლარიანი გირაო მოსთხოვა.
ადვოკატებს მიაჩნიათ რომ ჭილაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია, თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფს.
საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს ჯარიმა ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ბრალდებულის დაცვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ახორციელებენ.
ფილმის პრეზენტაცია დღეს 30 დეკემბერს, 17 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართება.