უკრაინაში ომის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკების პირველი პირობა არის რუსეთის მხრიდან აგრესიის შეწყვეტა. ამის შესახებ განაცხადა ვატიკანის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.
პიეტრო პაროლინიმ გამოცემა Corriere della Sera-ს განუცხადა, რომ ვატიკანი, პირველ რიგში, დაჟინებით მოითხოვს აგრესორის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას.
მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.
პაროლინიმ განმარტა, რომ პონტიფიკოსი გულისხმობდა დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
ამისათვის, მისი თქმით, ორივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ პირველი პირობა უნდა იყოს „აგრესიის შეწყვეტა“.
პაროლინიმ აღნიშნა, რომ ძალას, რომელიც უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზია, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რათა დაასრულოს აგრესია.
„ადამიანურ ძალას, რომელმაც გამოიწვია ეს ტრაგედია, აქვს შესაძლებლობა და უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, გადადგას ნაბიჯები, რათა ბოლო მოეღოს ამას და გზა გაუხსნას დიპლომატიურ გადაწყვეტას“, - განაცხადა კარდინალმა.