ბოლო 11 წლის განმავლობაში მიღწეული დადებითი შედეგები არაფორმალური დიალოგის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე, გიორგი ქაჯაიას დანიშვნის შემდეგაც მოთხოვნადი იქნება.
ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასთან“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით", - განაცხადა კარასინმა.
მან გაიხსენა, რომ 2012 წელს რუსეთმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და შეიქმნა არაფორმალური დიალოგის მექანიზმი „ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტის დეპოლიტიზებული განხილვისთვის, აქცენტით სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე. სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარული კონტაქტებზე“.
მისი აზრით, გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. კერძოდ, როგორც მან განაცხადა, შეხვედრებზე არაერთხელ დაისვა საკითხები რუსეთ-საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის პირობების გამარტივების შესახებ, ჩატარდა თანმიმდევრული მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობების შესაქმნელად.
მისი თქმით, შესაბამისი მიდგომებით, საბოლოოდ, 2023 წლის მაისში, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაუქმდა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის, ამავდროულად, აღდგა პირდაპირი ფრენები.
"კულტურული გაცვლებისთვის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით, კონტაქტების დამატებითი შესაძლებლობები შევქმენით. ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურებაში წვლილი შევიტანეთ. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია. ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირე და გეოგრაფია კვლავ იზრდება - რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში უკვე 60-ზე მეტი რეისია", - განაცხადა კარასინმა.