ENG / RUS       12+

გიორგი გუგავა: მიშა წავა და ეს პროცესი "ჩარეცხავს" უპასუხისმგებლო და ქონებას დახარბებულ ადამიანებს პოლიტიკიდან

რესპოდენტის შესახებ

მმართველ გუნდის პარალელურად, რადიკალურ ოპოზიციას ასევე სამი, ოღონდ განსხვავებული წინადადების ირგვლივ გაერთიანებული ძალებით თანამშრომლობა "ლეიბორისტულმა პარტიამაც" შესთავაზა. შრომის პარტიის გუნდი პოლიტიკური უმცირესობის დანარჩენ ნაწილს "ეროვნული სუვერენიტეტის" აღდგენისთვის ვადამდელი არჩევნების უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე ჩატარების, საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმისა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის საკითხების ირგვლივ ურჩევს გაერთიანებას. "ლეიბორისტების" შეთავაზება არ ვრცელდება მხოლოდ იმ ოპოზიციურ ძალებზე, რომელთა ლიდერებიც ქვეყნის ექს-მეორე და მესამე პირები და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია არიან. აღსანიშნავია, რომ "ლეიბორისტული პარტია" 9 აპრილის აქციას უერთდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საკითხზე მისი და აქციის ორგანიზატორთა შეხედულებები განსხვავებულია.
"ჯი-ეიჩ-ენი" "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურ მდივანს გიორგი გუგავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, "ლეიბორისტულმა პარტიამ" ეროვნული სუვერენიტეტის დეკლარაცია გამოაქვეყნა. თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული სუვერენიტეტი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხელყოფილია, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს მსოფლიო აღიარებს...

- მსოფლიო ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მართალია. ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კარგა ხანია დაკარგა. ჩვენ სუვერენიტეტის მხოლოდ ფორმალური მხარეებიღა შეგვრჩა, ესაა დროშა, ჰიმნი და გერბი. სხვათა შორის, სააკაშვილმა პარლამენტს ისეთი გერბი დაამტკიცებინა, როგორიც მხოლოდ მონარქიული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ე. ი. ამ კაცს საკუთარი თავი წარმოუდგენია მონარქად, ბატონად.

- დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგავში მხოლოდ სააკაშვილის ბრალეულობას ხედავთ?

- რა თქმა უნდა, არა. ეს პროცესი ბოლო 20 წელია მიმდინარეობს. ჩვენი სუველენიტეტის ფეხქვეშ გათელა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოხდა. ახლა კი როგორც პოლიტიკური, ისე ტერიტორიული სუვერენიტეტი უკვე მთლიანად გვაქვს დაკარგული. თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში არ გვრევენ უცხოელი ჩინოვნიკები, არამედ ჩვენ დამოუკიდებლები არ ვართ არც შიდაპოლიტიკის გატარებისას. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაგვიმტკიცებია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტივების გათვალისწინების გარეშე.

- რაც შეეხება დეკლარაციის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის აუცილებლობას გულისხმობს. რა კავშირშია ორგანიზაციაში შესვლისკენ ქვეყნის სწაფვა სუვერენიტეტის დაკარგვასთან?

- ტერიტორიული მთლიანობა სწორედ "ნატო-ნატოს" ძახილმა დაგვაკარგვინა. ამ ორგანიზაციის წევრი მაინც ვერ გავხდით და მისგან საფრთხობელა შევქმენით, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია. აქვე დავამატებ, რომ დეკლარაციის მეორე პუნქტი ასევე საქართველოს მიერ დსთ-ზე უარის თქმასაც ითვალისწინებს.

- დსთ-ის შემადგენლობაში ყოფნაზე ხომ საქართველომ უარი უკვე განაცხადა?

- განაცხადა, მაგრამ ჯერ არ გამოსულა. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დსთ-იდან გამოსვლა გადაიფიქროს და მიიჩნიოს, რომ ორგანიზაციაში საქართველოს დარჩენა უკეთესი იქნება.

- სხვათა შორის, ამ საკითხზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ რამდენიმე კვირის წინ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ დსთ-იდან გამოსვლის პროცედურა დაწყებულია და ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე, ის არ შეიძლება შეიცვალოს...

- მალაშხიას ვინ ეკითხება საერთოდ, ბალი ორი შაურია თუ, რა ღირს ბაზარში.

- ხომ არ იქნება ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს მიერ უარის თქმა რუსეთთან დათმობაზე წასვლა?

- არანაირი დათმობაზე წასვლა არ იქნება. პირიქით, ეს იქნება სურვილის გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნება. ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე უარის თქმით საკუთარი თავი უნდა გადავირჩინოთ, თორემ არაა გამორიცხული, სექტორიზაცია მოხდეს და ყველაფერი თავზე დაგვემხოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის პირველი პუნქტი, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უცხოეთიდან ნებისმიერი სახის ჩარევის გარეშე გულისხმობს. ეს მათიას ოირშის, მეთიუ ბრაიზას, ეუთოს და დსთ-ის დამკვირვებლების გარეშე უნდა მოხდეს, რომლებიც 5 იანვარს გამომივარდნენ და იმის მტკიცება დამიწყეს, რომ სააკაშვილი კანონიერად იქნა არჩეული.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დეკლარაციის ფარგლებში გაერთიანებას, ალბათ, არ შესთავაზებთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც პრორუსულ ან პროამერიკულად მიიჩნევთ,?

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული, უცხოეთმა, პრაქტიკულად, დაგვასხა თავზე ისეთი კადრები დ ლიდერები, რომლებსაც თავად ლობირებენ. ეს უნდა დამრთავდეს. ჯანსაღმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უარი უნდა ითქვას ისეთ ძალებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც უცხო ქვეყნების მიერ იმართებიან, რადგან ისინი საქართველოს ინტერესების გატარებას ვეღარ მოემსახურებიან.


- მაინც რომელი პოლიტიკური ძალები იმართებიან უცხოეთიდან? რომელია თქვენი ინფორმაციით, პრორუსული და პროდასავლური პარტიები?

- ეგ ხალხმა ყველაზე უკეთ იცის.

- მაშინ სხვანაირად გკითხავთ: "ლეიბორისტული პარტია" ეროვნული სუვერენიტეტის დეკლარაციას რომელ პოლიტიკურ ძალებს გააცნობს, ანუ ვის შესთავაზებს დეკლარაციაში დაფიქსირებული პუნქტების ირგვლივ გაერთიანებას?

- ყველას. ეს არის დეშიფრატორი, ღია დეკლარაცია.

- ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოსაც", "ალიანსი საქართველოსთვისაც"?

- არა, ბურჯანაძის გუნთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. არც ალასანიასთან ვაპირებთ გაერთიანებას. თან, დარწმუნებული ვარ, ამ დეკლარაციას ხელს არც ერთი არ მოაწერს.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, არ ვიცი, ისინი ჩვენს დეკლარაციას როგორ შეხვდებიან, მაგრამ იქამდე ერთს ვიტყვი, რომ მას დაიწუნებენ მხოლოდ ისინი, რომლებიც პირადი ამბიციებით და თანამდებობებისკენ სწრაფვის სურვილით არიან შეპყრობილნი.

- რაც შეეხება მესამე პუნქტს _ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას _ ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ შესაძლებელი. ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, ჭირიც და ლხინიც ერთი გვქონდა და სწორედ იმ უცხოეთიდან დანიშნულმა პირებმა ჩადეს ჩვენ შორის ნაღმები, დაიწყეს იარაღის ჩხარუნი. ამით აფხაზებისა და ოსების ინტერესებიც შეილახა და ჩვენიც, მათი მომავალიც ბუნდოვანი გახდა და ჩვენიც. ჩვენ ერთ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, ერთი პოლიტური, ერთი კულტურული და სახელმწიფოებრივი სივრცე უნდა გვქოდეს, ამიტომაც საჭიროა მათთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა.

- როგორც ამბობენ, ქართველი პოლიტიკოსებიდან ირაკლი ალასანია ერთადერთია, რომელთანაც სეპარატისტები პირისპირ მოლაპარაკებებზე მოდიან. ამ საკითხის ირგვლივ მაინც თუ აპირებთ მასთან თანამშრომლობას?

- ალასანია იყო აფხაზეთში სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი და ის შედეგი, რაც კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში ამ ხელისუფლების პოლიტიკამ მოგვიტანა, ჩვენ ბოლოს აგვისტოში ვნახეთ. სად იყო ალასანია აგვისტოს მოვლენების დროს, თუ სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგი შეეძლო?! ამ ადამიანების გამკვირვებია. 7 ნოემბრის შემდეგ რომ კაცი ისევ ხელისუფლებაში დარჩება, ეს ადასტურებს, რომ მას ხელისუფლებასთან რაიმე ღირებული, პრინციპული და იდეური დაპირისპირება არც მოსვლია.

- ფაქტია, რომ ბურჯანაძეც, ალასანიაც და ნოღაიდელიც ოპოზიციაში გადავიდნენ...

- მერე რა.. ბურჯანაძის, ალასანიას და ნოღაიდელის ოპოზიციაში გადასვლის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ ხელისუფლებაში გაცილებით მაღალ თანამდებობებზე მოსვლა სურთ, რათა ფრთები უფრო გაშალონ. აღნიშნულმა პირებმა ხელისუფლებისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. მათ მოვლენებს დაასწრეს, დასაძირი გემიდან გადმოხტნენ და ახლა ისევ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან. პირადად ჩემთვის, ბურაჯანძის, ალასანიას, ნოღაიდელის გუნდებსა და ხელისუფლებას შორის პრინციპული განსხვავება არც არსებობს.

- თუმცა ექსპერტები ბურჯანაძესაც და ალასანიასაც საკმაოდ რეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატებად აფასებენ...

- ექსპერტებიც ბევრ ისეთ რამეს ამბობენ, რისი დაჯერებაც არ შეიძლება. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, არც ნინო ბურჯანაძის, არც ირაკლი ალასანიას და მით უმეტეს, არც ზურაბ ნოღაიდელის პარტიებს რეიტინგი არ აქვთ, ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ, მათ ტყუილებს ხალხი "არ ჭამს".

- თქვენი პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ლიდერი, ალბათ, შალვა ნათელაშვილია?

- რა თქმა უნდა, თუ გნებავთ, თქვენც შეგიძლიათ მსგავსი გამოკითვის ჩატარება, რათა დარწმუნდეთ, რომ რაც გითხარით, სიმართლეა.

- მაშინ როცა ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას და ხელისუფლების ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, ასე აკრიტიკებთ, თუ მიგაჩნიათ, რომ 9 აპრილის აქციაზე ამინდს სწორედ ეს ძალები ქმნიან, რატომ გადიხართ ქუჩაში იქ, სადაც ისინიც იდგებიან?

- ლეიბორსტული პარტია ყველა პროცესში, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მონაწილეობას იღებდა და მომავალშიც მიიღებს. რაც შეეხება უშუალოდ 9 აპრილს, ჩვენ ამ პერსონებთან არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ ქართველ ხალხთან.

- თუმცა სააკაშვილი რომ გადადგეს, მაინც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად იზეიმებთ...

- არა, რატომ გგონიათ რომ მათთან ერთად ვიზეიმებთ? ლეიბორისტულ პარტიას არაფერი საერთო, არც ღირებული, არც პრინციპული, ხელისუფლებას გამიჯნულ და ამჟამად ოპოზიციაში მყოფ ძალებთან არ აქვს. ჩვენთვის ისინი თანაბრად დამნაშავეები არიან იმ უბედურებასა და ტრაგედიაში, რომელიც ქვეყანას დაუტრიალდა. ისინი ე. წ. პრეზიდენტთან ერთად არიან ამ ყველაფრის შემოქმედები, თორემ მარტო გიჟი სააკაშვილი რას იზამდა?!

- ნინო ბურჯანაძემ, გიორგი გაჩეჩილაძესთან საკანში სტუმრობისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმის შიშით, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად სხვა პარტიას არ გაემარჯვა, მზად იყო ომი დაეწყო. ყურადღების გადატანის მიზნით, რამდენად არის პრეზიდენტისგან მსგავსი ქმედება მიმდინარე წლის აპრილშიც მოსალოდნელი?

- სააკაშვილი ყველაფერს გამოიყენებს თანამდებობის შესანარჩუნებლად, ყველა დავიწებულ თუ ახალ მეთოდოლოგიას, ნებისმიერ ავანტიურას მიმართავს, მაგრამ ქალბატონმა მაშინვე რატომ არ თქვა ეს?! შედარებისთვის მაგალითს მოვიყვან. ყველა ოჯახში აქვთ ადამიანებს პრობლემა, ისინი ხშირად ჩხუბობენ, კამათობენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ?! ბურჯანაძის და სააკაშვილის ვითომდა დაპირიპირებას ვგულისხმობ. თურმე კამათი მოსვლია სააკაშვილთან, ქალბატონს ფეხები დაუბაკუნებია, ასე ნუ გააკეთებო და მიშასაც დაუჯერებია. ბურჯანაძეს ამას ვინმე დაუჯერებს? მამამისი ანზორი და მეუღლე ბადრი ბიწაძე თუ დაუჯერებენ, თორემ ხალხის გულს ამ ტყუილებით ვერ მოიგებს.

საერო მოღვაწეობა და პოლიტიკაში ყოფნა ის არის, რომ როცა კონსტიტუციით მეორე პირი ხარ და შენი უფლებამოსილება ვერ წვდება იმას, რომ რაღაც შეცვალო, შენი შეხედულებები გაატარო, მაშინ პირველი პირი უნდა ამხილო. ბურჯანაძემ კიდევ რა ქნა?

- ხელისუფლებიდან წამოვიდა...

- როდის? 7 ნოემბერს წამოვიდა? როცა ქუჩაში 72 ადამიანი მოკლეს, როგორი იყო მისი რეაქცია? როცა სასამართლო მთლიანად სააკაშვილმა დაიქვემდებარა ხმა საერთოდ ამოიღო? სააკშვილს რომ ახლა ძალაუფლება აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, ხომ არ გახსოვთ, რომელმა პარლამენტმა დაამტკიცა ეს? წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვინ ედგა სააკაშვილს გვერდით?

- ბატონო გიორგი, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის დაიწყება... "ლეიბორისტული პარტია" ისევ ოპოზიციაში ხომ არ დარჩება?

- სააკაშვილი წავიდეს და მშვენივრად დალაგდება ამ ქვეყანაში სიტუაცია. ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს ვის გადააბაროს ხელისუფლება და ეს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს შორის გარიგების საფუძველზე არ უნდა მოხდეს. სააკაშვილის შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში სრულად მხოლოდ ერთი პარტია ვერც მოვა. ეს არც არის საჭირო, ეს ქვეყნის დამანგრეველი იქნება. აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ყველა ღირსეულ პოლიტიკურ ძალაზე თანაბრად გადანაწილება. თუმცა, იქამდე, სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი უნდა დასრულდეს, რის ადგილზედაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სივრცის შექმნა და განვითარების ალტერნატიულ გზაზე დადგომა უნდა მოხდეს. ეს პროცესი, კიდევ ერთხელ მაპატიეთ და მიშას ტერმინს გამოვიყენებ, "ჩარეცხავს" უპასუხისმგებლო და უპრინციპო, ავადმყოფური ამბიციების მქონე და ქონებას დახარბებულ ადამიანებს პოლიტიკიდან.

- დაბოლოს, აპრილში მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

- მიხელ სააკაშვილისგან გამორიცხული არაფერია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალუფლება შეინარჩუნოს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ის წავა და უკან მიჰყვებიან დღევანდლი თუ გუშინდელი ამბსონები, რომელმაც ქვეყანა გააუბედურეს, დააქციეს, დაანგრიეს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .