ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში რამდენიმე პიროვნება დააკავეს. გურამ ჩადუნელი, ემზარ დალაქიშვილი, რამაზ ხოხობაშვილი და ჯუმბერ კორაშვილი და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სატყეო უბნებზე რეინჯერებად მუშაობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები შეშის დამზადებისათვის საჭირო ყალბი ცნობებისა და ხის მასალის დამზადების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით 80-დან 280 ლარამდე თანხებს იღებდნენ.
თითოეული მათგანი უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 341-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით.