ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან0წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა იყოს.
„ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებ. შევჯერდით, რომ იყოს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4 წლიანთან ერთად. საზოგადოებას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაც იყოს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის იქნება, თუმცა აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, ვინაიდან გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.