შუამთის რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ბექა ონიაშვილს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებული გელა ონიაშვილის მიმართ კი, რომელიც ბექა ონიაშვილის ძმაა, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, შუამთის რესტორანში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილი, გამგებლის მოადგილე დავით დოიჯაშვილი, გამგეობის აპარატის უფროსი ივერი წითელაური და სოფელ ხალაწნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა გუნაშაშვილი ცემეს. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს რესტორანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა და ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ.
შუამთის რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა ახმეტის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი და მისი ძმა ბექა ონიაშვილი დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) არის აღძრული. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გელა და ბექა ონიაშვილები შს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ახლობლები არიან. სასამართლო პროცესზევე ცნობილი გახდა, რომ ბექა ონიაშვილს უახლოეს დღეებში საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.