წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. საარჩევნო რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომავალში, მინდა, იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ვენეციის კომისიის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნეს გათვალისწინებული თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერთად გააძლიერონ საქართველოს მედეგობა.
„ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა, რათა დავაფიქსიროთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ჩვენ გვყავს ევროკომისარი, საქართველოში გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ასევე, გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, 3,9 მილიონის ევროს ფარგლებში არის წელს გათვალისწინებული. ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება, რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.