24 ნოემბერს აშშ ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საზეიმო ვითარებაში საკომუნიკაციო აღჭურვილობას გადასცემს. ამმის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ეს აღჭურვილობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და კანონის განმტკიცებას საქართველოში;
აღჭურვილობა აგრეთვე დაეხმარება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს დროულად აღმოფხვრან საფრთხესთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა კონტრაბანდა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, უცხო პირთა უკანონო მიგრაცია და ტერორიზმი. ეს წარმოადგენს იმ 155 მილიონიანი დახმარების ნაწილს, რასაც 1999 წლიდან აშშ-ს მთავრობა ახორციელებს საქართველოსათვის საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის საშუალებით. გაწეული დახმარების საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოს სანაპირო დაცვის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის მოდერნიზაცია და რეფორმების ჩატარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალი გოგავა და საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან გადაცემის ცერემონიას.