დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ, ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტიაში რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა ჩვენი ქვეყნის მთელი „სანაცეთი“. ამ ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი. შემდეგ დაიმორჩილა ბუნების ძალები და ახლა ერთიანი ძალისხმევით უტევს არჩევნებს, რომ უნდა გაიმარჯვოს – „შუტკა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ერთწლიანი საქმიანობა შეეფასებინა.
„რა უნდა გაეკეთებინა? მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მისი ტელევიზიაც კი ემიჯნება. გახსოვთ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ვინც არის, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. აი, ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი, ფიზიკურად ან პიროვნულად. არა, ოქროს გული აქვს, მაგრამ პოლიტიკურად ამ პარტიის ღირსეული თავმჯდომარეა“, – განაცხადა ზარქუამ.