საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.
მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.